პრეს-რელიზი

გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით პანკისის ხეობას საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები სტუმრობენ

21 აპრილი 2021

13 ქვეყნის ელჩებისა და წარმომადგენლებისგან შემდგარი დელეგაცია, იუნისეფის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორი ქ-ნი აფშან ხანი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი დოქტორი საბინე მახლი და იუნისეფის წარმომადგენელი საქართველოში დოქტორი ღასან ხალილი ორდღიანი ვიზიტით პანკისის ხეობას ესტუმრნენ.

საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ პანკისში ორგანიზებული ვიზიტის მიზანია, წარუდგინოს საერთაშორისო განვითარების პარტნიორებს იმ ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებები, რომელთა ცხოვრებასაც კომპლექსური ცვლილებები შეეხო. დელეგაციის წევრები არიან ავსტრიის, ბულგარეთის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იაპონიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, შვედეთის, ესპანეთის, თურქეთისა და აშშ-ის ელჩები და მაღალი რანგის წარმომადგენლები, ასევე გაეროს მუდმივი კოორდინატორი.

 

RD in Pankisi

 

“იუნისეფი აქტიურად მუშაობს იზოლირებულ რაიონებში მცხოვრებ თემებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან. მოხარული ვარ, რომ იუნისეფის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალურ დირექტორთან ერთად მოვიწვიეთ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები და პარტნიორები, რათა განვიხილოთ, თუ რა გზით შეუძლია საერთაშორისო საზოგადოებას მხარი დაუჭიროს პანკისელ ბავშვებსა და მათ ოჯახებს,” განაცხადა საქართველოში იუნისეფის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა.   “ჩვენ ვეცნობით რეგიონში მცხოვრები ბავშვებისა და ოჯახების წინაშე არსებულ გამოწვევებს, როგორიცაა განათლების ხარისხი, ინტერნეტზე წვდომის უქონლობა, სოციალური სერვისების უკმარისობა და ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების ნაკლებობა. პარტნიორებთან ერთად მივისწრაფვით იმისკენ, რომ მომავალში აღიკვეთოს პანკისში მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის არსებული ბარიერები, რათა მათ თავიანთი პოტენციალის სრულად გამოყენება შეეძლოთ.”

 

RD in Pankisi

“კორონავირუსის პანდემიისგან ყველაზე დიდი დარტყმა ახალგაზრდა თაობებმა მიიღეს,“ აღნიშნა იუნისეფის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალურმა დირექტორმა, ქ-ნმა აფშან ხანმა. „უსაფრთხო, სამართლიანი და ინკლუზიური მომავალი პანკისის რეგიონში ახალგაზრდებისა და მათი ოჯახების კომპეტენტურობის, თავდაჯერებისა და მედეგობის გაზრდაზეა დამოკიდებული. ხანგრძლივი და უწყვეტი ქმედების გარეშე დავდგებით ბავშვთა უფლებებისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიმართულებით მიღწეული პროგრესის შეუქცევადი გაუარესების რისკის წინაშე.“

ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებულია შეხვედრები ადგილობრივ უხუცესთა საბჭოსთან და ქალების საბჭოსთან, ასევე მშობლებთან, მასწავლებლებთან და რელიგიურ ლიდერებთან; დისკუსია ადგილობრივ ახალგაზრდებთან და პანკისის სკოლებისთვის საგანმანათლებლო რესურსების გადაცემა. დელეგაციის წევრები ასევე გაეცნობიან რეგიონს  და განიხილავენ პანკისის ბავშვებზე ორიენტირებული განვითარების გეგმას.

როგორც საქართველოს დანარჩენ რეგიონებში, პანკისშიც ოთხიდან სულ მცირე ერთი ბავშვი სიღარიბეში, შინამეურნეობის დაბალი შემოსავლის მაჩვენებლების პირობებში ცხოვრობს. განათლებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა კორონავირუსის პანდემიამ, ვინაიდან სკოლები წლის განმავლობაში უმეტესად დაკეტილი იყო. ყველაზე ღარიბ ბავშვებს არ აქვთ წვდომა ონლაინ სწავლებაზე. ახალგაზრდების არაფორმალური განათლების შესაძლებლობები არასაკმარისია, რაც კულტურული ღონისძიებებისთვის და სპორტისთვის განკუთვნილ ინფრასტრუქტურასაც მოიცავს.

Maya Kurtsikidze

მაია ქურციკიძე

გაეროს ბავშვთა ფონდი
კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

გაეროს ბავშვთა ფონდი
გაეროს ბავშვთა ფონდი

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით