უკვე ერთ წელიწადზე მეტია, რაც ჩვენ COVID-19–თან ერთად ვცხოვრობთ, საქართველო, ისევე როგორც დანარჩენი მსოფლიო, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. გლობალური პანდემია გაცილებით მეტია, ვიდრე ჯანმრთელობის კრიზისი. ეს არის სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი, ჰუმანიტარული კრიზისი, უსაფრთხოების კრიზისი და ადამიანის უფლებების კრიზისი. მან გავლენა მოახდინა ყველა ჩვენთაგანზე, ცალკეულ ადამიანებსა და ოჯახის წევრებზე, თემებსა და საზოგადოებებზე. პანდემიამ ასევე გამოავლინა სისუსტეები და სოციალური ბზარები ქვეყნებს შიგნით და ქვეყნებს შორის და გაამძაფრა იმ ადამიანების მარგინალიზაცია, რომლებიც კორონავირუსის კრიზისამდეც დაუცველები იყვნენ სიღარიბისა და დისკრიმინაციის მიმართ.
2021 წელს საქართველო განაგრძობს მცდელობებს იმისათვის, რომ დაიცვას საკუთარი ხალხი COVID-19 პანდემიის ყველაზე უარყოფითი ზემოქმედებისგან და მომავალთან დაკავშირებით დიდი გაურკვევლობის პირობებში, გამოჯანმრთელების გზას დაადგეს. გასაგებია, რომ მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ეკონომიკური ზრდის აღდგენას, განსაკუთრებით კი იმ სექტორებში, რომლებსაც პანდემიის გამო ყველაზე დიდი ზიანი მიადგა. ახლა გადასაწყვეტია, ისარგებლებს თუ არა ქვეყანა ამ შეფერხებით იმისათვის, რომ უკეთეს ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს, თუ უბრალოდ განვითარების ჩვეულ გზაზე ეკონომიკის მაქსიმალურად სწრაფად დაბრუნებას დაისახავს პრიორიტეტად.
როგორ შეიძლება მდგრადი განვითარების მიზნები (SDG) დაგვეხმაროს ამ რთული ვითარებიდან გამოსავლის პოვნაში? 2030 წლის დღის წესრიგის მდგრადი განვითარების მიზნები უკვე შემუშავებულია, როგორც ყველასათვის უკეთესი და უფრო მდგრადი მომავლის მიღწევის გეგმა. აღნიშნულ გეგმაში ეკონომიკური ზრდა არა საბოლოო მიზანი, არამედ ერთ-ერთი საშუალებაა იმისათვის, რომ ყველასთვის უფრო ფართო და თანაბარი შესაძლებლობები შეიქმნას და გაიზარდოს კეთილდღეობის დონე. იგი მოიცავს კონკრეტულ, გაზომვად და ურთიერთდაკავშირებულ ამოცანებს სიღარიბის დაძლევის, გენდერული თანასწორობის, განათლების, ჯანდაცვის, ღირსეული შრომის, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის, მშვიდობის, სამართლიანობისა და სხვა სფეროებში.
პანდემიაზე რეაგირებისას, საქართველო საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე დარწმუნდა სოციალური სოლიდარობის უპირატესობებში. გვჯერა, რომ ამავე სულისკვეთებით უნდა წარიმართოს აღმშენებლობის პროცესიც, რომელიც განავრცობს ეკონომიკის აღდგენით მიღებულ სარგებელს და სამომავლოდ ეკონომიკისა და საზოგადოების მდგრად, ინკლუზიურ და სამართლიან განვითარებას უზრუნველყოფს, რაც ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის ყველა ადამიანს საქართველოში. აღმშენებლობა უნდა მოიცავდეს კონკრეტულ ნაბიჯებს იმ ადამიანების დაცვისა და გაძლიერებისთვის, ვინც აქამდე ხშირად იყო განვითარების პროცესებს მიღმა: ქალები, ახალგაზრდები, ხანდაზმული პირები, ნატურალური მეურნეობებით დაკავებული ფერმერები და არაფორმალური სექტორის მუშაკები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანები, მიგრანტები და თავშესაფრის მაძიებლები და არადომინანტური სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის მქონე პირები. საქართველოს ეკონომიკური განვითარების გზის გადახედვის გარდა, წარმოდგენილი მიზნების მიღსაღწევად აუცილებელია მუდმივი წინსვლა კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული მმართველობის კუთხით. ასევე მთავარ ამოცანად უნდა დაისახოს სოფლად და ქალაქად არსებული სხვაობების აღმოფხვრა და დეცენტრალიზაციის გეგმის განხორციელება. გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა, ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობისა და მავნე პრაქტიკის დასრულება და ადამიანის უფლებების ეფექტურად დაცვა ასევე წარმოადგენს წარმატების მნიშვნელოვან ელემენტებს.
საბოლოოდ, ქართველი ხალხისთვის უკეთესი მომავლის შექმნა და ქვეყნის კონკურენტუნარიანობისა და მდგრადობის განვითარება მოითხოვს გრძელვადიან ხედვასა და გადამწყვეტ მოქმედებას უთანასწორობის დასაძლევად. ამასთანავე, თუ ინკლუზიური ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ხელშეწყობა და იმის უზრუნველვყოფა გვსურს, რომ საქართველო ისეთი ადგილი იყოს, სადაც ყველა ადამიანი თავს იგრძნობს უსაფრთხოდ, იქნება თავისუფალი, ისარგებლებს პატივსაცემით და სრულფასოვნად შეძლებს აქტიური მონაწილეობის მიღებას ქვეყნის განვითარებაში, მაშინ მწვანე ეკონომიკის დანერგვა და ადამიანური კაპიტალის განვითარება ყველა პროგრამაში მთავარ პრიორიტეტებად უნდა იყოს გამოყოფილი. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მხარდაჭერას აღუთქვავს და გააგრძელებს მუშაობას ყველა მხარესთან საქართველოში აღმშენებლობის ძალისხმევის ფარგლებში მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.