საერთაშორისო თანამშრომლობის მომავალი
11 სექტემბერი 2021
გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის მოწოდებაა, რომ დროა მასშტაბურად ვიაზროვნოთ
გასულ წელს გაეროს 75 წლის იუბილეს აღნიშვნამ გამოიწვია სერიოზული შიდა დისკუსია მისი მომავლისა და ახალი მიმართულების შესახებ, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მალევე მიღწეული კონსენსუსის მიღმა არსებობს. აღნიშნული მოსაზრებებების საფუძველზე შეიქმნა ახალი ისტორიული ანგარიში „საერთო დღის წესრიგი“, რომელიც გაეროს გენერალური მდივნის მიერ პარასკევს გამოქვეყნდა და რომელშიც ასახულია მისი ხედვა გლობალური თანამშრომლობის მომავალთან დაკავშირებით.
ბატონმა გუტერესმა ანგარიში პარასკევს, გენერალური ასამბლეის სხდომაზე წარადგინა, სადაც მის გამოსვლას წინ უძღოდა მწვავე მიმოხილვა მსოფლიოს საშინელი მდგომარეობის შესახებ, რომელიც მისი თქმით უზარმაზარი წნეხის ქვეშ იმყოფება, და ასევე გაფრთხილება, რომ მომავალში მსოფლიოს "სერიოზული არასტაბილურობისა და კლიმატური ქაოსის ” საფრთხე ემუქრება.
კლიმატის კრიზისისა და ბუნებასთან ჩვენი სუიციდური ომის და ბიომრავალფეროვნების განადგურების გათვალისწინებით, გლობალური საპასუხო ღონისძიებები ძალზე მწირია, ძალზე დაგვიანებული”,- განაცხადა გენერალურმა მდივანმა. ”უკონტროლო უთანასწორობა ძირს უთხრის სოციალურ ერთობას, აჩენს მოწყვლადობას, რომელიც ყოველ ჩვენთაგანზე მოქმედებს. ტექნოლოგიური წინსვლა მიმდინარეობს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, რომლებიც მისი გაუთვალისწინებელი შედეგებისაგან უნდა გვიცავდეს.”
გაეროს ხელმძღვანელმა განაგრძო საუბარი ვრცელი კონსულტაციების შესახებ, რომელთა მოსმენისა და გათვალისწინების საფუძველზე გაერო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მრავალმხრივობის გაძლიერება მსოფლიო კრიზისების დაძლევის საშუალებად უნდა განიხილებოდეს (იხ. ქვემოთ მოცემული ტექსტი).
რღვევა თუ გარღვევა?
ანგარიშში მოცემულია მომავალის ორი ურთიერთსაპირისპირო ვერსია: ერთი კოლაფსი და მარადიული კრიზისია, ხოლო მეორე - წინსვლა უფრო ეკოლოგიური და უსაფრთხო მომავლისკენ.
განკითხვის დღის სცენარი აღწერს მსოფლიოს, რომელშიც COVID-19 უსასრულოდ განიცდის მუტაციას იმის გამო, რომ მდიდარი ქვეყნები ვაქცინების მარაგს აგროვებენ და ჯანდაცვის სისტემები გადატვირთულია.
მომავლის ასეთი ვერსიის მიხედვით, ტემპერატურის მატებისა და ამინდის უკიდურესი მოვლენების შედეგად პლანეტა საცხოვრებლად უვარგისი ხდება, ხოლო მილიონი სახეობა გადაშენების პირას აღმოჩნდება.
ამას თან სდევს ადამიანის უფლებების მუდმივი რღვევა, სამუშაო ადგილებისა და შემოსავლების მასობრივად დაკარგვა და მზარდი პროტესტი და არეულობა, რომელსაც საპასუხოდ სასტიკი რეპრესიები ხვდება.
თუმცა, შეგვიძლია სხვა გზით წავიდეთ, რომელიც ითვალისწინებს ვაქცინების თანაბრად გადანაწილებასა და ეკონომიკის აღდგენის დაწყებას, რა დროსაც გლობალური ეკონომიკა ხელახლა გადაიტვირთება, იმგვარად, რომ უფრო მდგრადი, გამძლე და ინკლუზიური გახდეს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ეკონომიკის დეკარბონიზაციის შედეგად შეიზღუდება გლობალური ტემპერატურის ზრდა და რომ დახმარება გაეწევა კლიმატის ცვლილებით სერიოზულად დაზარალებულ ქვეყნებს და მომავალ თაობებს შეუნარჩუნდებათ ეკოსისტემები.
ამგვარი მიდგომა მოასწავებს მრავალმხრივობის ახალ ეპოქას, რომელშიც ქვეყნები ერთად იმუშავებენ გლობალური პრობლემების გადაჭრაზე; საგანგებო სიტუაციებში საერთაშორისო სისტემა სწრაფად იმუშავებს ყველას დასაცავად; და გაერო საყოველთაოდ იქნება აღიარებული, როგორც საიმედო თანამშრომლობის პლატფორმა.
მიზნები და გადაწყვეტილებები
მოწყვლადი ჯგუფების დაცვის მნიშვნელობა აღიარებულია იმ ვალდებულებებში, რომლებიც ითვალისწინებს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას უკლებლივ ყველასთვის, რაც მოიცავს სოციალური დაცვის გაძლიერებასა და გენდერული პარიტეტის ხელშეწყობას.
უღარიბესი მოსახლეობის მხარდაჭერასთან და უფრო სამართლიანი საერთაშორისო სავაჭრო სისტემის შექმნასთან ერთად, მიზნად არის დასახული უფრო მდგრადი გლობალური ეკონომიკის უზრუნველყოფა.
დათბობის პრეინდუსტრიული დონიდან 1.5 გრადუსამდე შემცირებისა და 2050 წლისთვის ნახშირბადის წმინდა ნულოვანი ემისიის ვალდებულებებთან და ასევე ისეთ საკითხებთან ერთად, როგორიცაა წიაღისეული საწვავის სუბსიდირების შეწყვეტა, კვების სისტემების გარდაქმნა და განვითარებადი ქვეყნებისთვის დახმარების პაკეტი, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ღონისძიებებს.
და იმის გათვალისწინებით, რომ ჯანდაცვის სფეროში გრძელდება COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისი, ანგარიშში მოთხოვნილია 50 მილიარდი დოლარის ვაქცინაციის გეგმა ვაქცინის წარმოების სულ მცირე ორჯერ გაზრდის მიზნით, რაც უზრუნველყოფს მსოფლიოს მოსახლეობის არანაკლებ 70 პროცენტის დაფარვას 2022 წლის პირველ ნახევარში.
მომავლის სამიტი
აღნიშნული მიზნების მისაღწევად, გენერალური მდივნის რეკომენდაციით უნდა ჩატარდეს მომავლის სამიტი, რომელიც „შექმნის ახალ გლობალურ კონსენსუსს იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი მომავალი და როგორ შეგვიძლია ამის უზრუნველყოფა“.
სამიტი განიხილავს მშვიდობისა და უსაფრთხოების სამარადისო საკითხებს, ჩამოაყალიბებს "ახალ დღის წესრიგს მშვიდობისათვის", რომელშიც გათვალისწინებული იქნება დამატებითი ინვესტიციები მშვიდობის მშენებლობაში, მხარდაჭერა რეგიონული კონფლიქტების პრევენციისთვის, ისეთი სტრატეგიული რისკების შემცირება, როგორიცაა ბირთვული იარაღი და კიბერომი და ასევე დიალოგი კოსმოსური სივრცის თაობაზე, მისი მშვიდობიანი და მდგრადი გამოყენების უზრუნველსაყოფად.
სამიტზე, გლობალური ციფრული კომპაქტის ფარგლებში, განხილული იქნება ასევე ადამიანის უფლებების გამოყენება ინტერნეტის მეშვეობით იმის უზრუნველსაყოფად, რომ ახალი ტექნოლოგიები სიკეთის მომტანი გახდეს. სხვა მიმართულებები მოიცავს კოსმოსური სივრცის მშვიდობიან და მდგრად გამოყენებასა და მომავალში დარტყმებისა და კრიზისების მართვას.
ბატონმა გუტერესმა დასძინა, რომ სამიტმა უნდა გაითვალისწინოს დღევანდელი გლობალური მმართველობის უფრო რთული კონტექსტი ... ჩვენი მიზანი უნდა იყოს უფრო ინკლუზიური და მრავალმხრივი ქსელური მიდგომა, რომელიც ამ რთულ ლანდშაფტში ორიენტირებისა და ეფექტური გადაწყვეტილებების შეთავაზების შესაძლებლობას მოგვცემს.
მომავლის სამიტის გარდა, უფრო მდგრადი, ინკლუზიური და მოქნილი გლობალური ეკონომიკის შექმნის მიზნით ანგარიშში შემოთავაზებულია ორ წელიწადში ერთხელ შეხვედრების გამართვა სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების დონეზე, G20-ის, ECOSOC-ის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელებსა და გაეროს გენერალურ მდივანს შორის.
ანგარიშში ასევე მოთხოვნილია პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესება მთავრობებს, მრავალმხრივ ორგანიზაციებს, კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის; და ჯანდაცვის სფეროში უფრო ძლიერი გლობალური უსაფრთხოების სისტემასთან ერთად, საგანგებო სიტუაციების პლატფორმის შექმნა გლობალური კრიზისებისთვის უკეთ მოსამზადებლად.
ერთ-ერთი მაგალითია Futures Lab-ის შექმნა, რომელიც მეგატენდენციებისა და კატასტროფული რისკების შესახებ რეგულარული ანგარიშების გამოსაქვეყნებლად იმუშავებს პარტნიორებთან და მათ შორის მთავრობებთან, აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან.
გარდა ამისა, შემოთავაზებულია ღონისძიებები განათლების, პროფესიული მომზადებისა და მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის კუთხით, მათ შორის 2022 წლისთვის დაგეგმილია განათლების ტრანსფორმაციის სამიტი, რომელიც მიზნად ისახავს სასწავლო კრიზისის დაძლევასა და მსოფლიოში 1.8 მილიარდი ახალგაზრდისთვის მეტი შესაძლებლობებისა და იმიდის შექმნას. ასევე, 2025 წელს უნდა მოეწყოს გლობალური სოციალური სამიტი. იგი კოორდინაციას გაუწევს საერთაშორისო ძალისხმევას, რომელიც მიმართული იქნება ადამიანის უფლებებისა და ყველასთვის ღირსების პრინციპის საფუძველზე მშვიდობიანი, უსაფრთხო საზოგადოებების ჩამოყალიბებაზე.
აღნიშნული შეხვედრები კოორდინაციას გაუწევს ინკლუზიური და მდგრადი პოლიტიკის განხორციელების ძალისხმევებს, რაც საშუალებას მისცემს ქვეყნებს შესთავაზონ თავიანთ მოქალაქეებს ძირითადი მომსახურება და სოციალური დაცვა. ”მთავრობებს აღარასდროს უნდა უწევდეს არჩევანის გაკეთება ხალხისა და ვალის მომსახურებას შორის”, - დასძინა ბატონმა გუტერესმა.
გაეროს განახლება
ერთ-ერთი ასეთი ინსტიტუტი, რა თქმა უნდა, თავად გაეროა, რომელიც, როგორც ნათქვამია ანგარიშში, უნდა განახლდეს უფრო ფართო მონაწილეობისა და საკონსულტაციო მიდგომის, 2028 წლისთვის გენდერული თანასწორობის მიღწევის, გენერალური მდივნის სამეცნიერო-საკონსულკტაციო საბჭოს აღდგენისა და იმგვარი პოლიტიკის შედეგად, რომელიც ადამიანებს გაეროს სისტემის ცენტრში აყენებს, ასაკის, სქესისა და მრავალფეროვნების გათვალისწინებით.
გაეროსთან დაკავშირებით სხვა წინადადებები ეხება ახალგაზრდობის უფრო ფართო მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში და ახალგაზრდებში უმუშევრობის შემცირების ძალისხმევას. ანგარიშში რეკომენდებულია მომავალი თაობებისათვის სპეციალური დესპანის დანიშვნა, რაც წონას შესძენს მომდევნო საუკუნეში დაბადებული ახალგაზრდების ინტერესებს, და ასევე გაეროს ახალი ახალგაზრდული ბიუროს გახსნა, რომელიც გააძლიერებს ახალგაზრდობის ჩართულობას ორგანიზაციის საქმიანობაში.
ვინაიდან გაერო იწყებს „მოქმედების ათწლეულს“ - 10 წელი, 2030 წლისთვის მდგრადი და უფრო სამართლიანი მომავლის დაპირებების შესრულებაში რეალური წინსვლის მისაღწევად - არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ მსოფლიო უკეთესობისკენ შეიცვალოს, რა დროსაც მრავალმხრივობა პროცესის ცენტრში მოექცევა.
თუმცა, როგორც „რღვევის სცენარი“ გვიჩვენებს, ერთად ეფექტურად მუშაობას თუ ვერ მოვახერხებთ, პლანეტას და თვით სიცოცხლესაც კი სერიოზული, შეუქცევადი ზიანი მიადგება: გენერალური ასამბლეისადმი მიმართვისას, ბატონმა გუტერესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „საერთო დღის წესრიგს“ საფუძვლად უდევს სოლიდარობა, „ერთობლივად მუშაობის პრინციპი, იმის გაცნობიერება, რომ ჩვენ ერთმანეთთან ვართ დაკავშირებული და რომ არცერთ საზოგადოებას ან ქვეყანას, რაც არ უნდა ძლიერები იყვნენ ისინი, არ ძალუძს პრობლემების გადაჭრა მხოლოდ საკუთარი ძალებით.”
ის ფაქტი, რომ 75 წლისთავი ჯანდაცვის სფეროში გლობალური საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დადგა, ხაზს უსვამს მრავალმხრივი აზროვნების მნიშვნელობას: 2020 წელს დაიწყო COVID-19 პანდემია, რომელიც გავრცელდა კლიმატის კრიზისის თაობაზე მზარდი შეშფოთების ფონზე - ეს კიდევ ერთი აქტუალური საკითხია, რომელიც არ ცნობს ეროვნულ საზღვრებს.
2020 წლის დასაწყისში, 1.5 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა გაეროს ერთწლიან გლობალურ ინიციატივაში ხალხის პრიორიტეტებისა და მოლოდინების გასაგებად იმასთან დაკავშირებით, თუ რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს საერთაშორისო თანამშრომლობამ მომავალზე.
მათ ერთმანეთს გაუზიარეს იმედები და შეშფოთებები, მოუწოდეს გაეროს მეტი გამჭვირვალებისა და ინკლუზიურობისკენ და კლიმატის ცვლილებისა და გარემოსდაცვითი საკითხები პირველი რიგის გრძელვადიან გლობალურ გამოწვევად დაასახელეს.
ჩვენი საერთო დღის წესრიგი ემყარება აღნიშნული ინიციატივის შედეგებს და ასევე ინფორმაციას აზროვნების ლიდერებისგან, ცნობილი ადამიანების ჯგუფებისგან, როგორიცაა უხუცესები, დიპლომატები და სხვა პარტნიორები, რომლებიც გვთავაზობენ წინადადებებსა და გადაწყვეტილებებს, იდეებს მოქმედებისთვის და გაეროს სამომავლო გეგმებს მომდევნო 25 წლისთვის.
ანგარიშში მოთხოვნილია გაეროს ძირითადი ღირებულებების ხელახლა დადასტურებას და ამასთანავე აღიარებულია, რომ ორგანიზაციის საფუძვლები უნდა შეიცვალოს დღევანდელი მსოფლიოს უკეთ ასახვის მიზნით.
ასევე აღიარებულია მოქმედების გადაუდებელი აუცილებლობა: კლიმატის კრიზისი წარმოშობს ეგზისტენციალურ კრიზისს ყველა ადამიანის სიცოცხლისთვის და მისი დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო თანამეგობრობა ერთობლივად, ეფექტურად იმუშავებს საზღვრებს მიღმა, იმისათვის, რომ შეაჩეროს პლანეტის დაჩქარებული დათბობა, რომელიც გამოწვეულია ადამიანის საქმიანობით და ადაპტირება მოახდინოს უკვე მიყენებულ ზიანთან.