გაერო-საქართველოს პარტნიორობის 30 წლისთავი და გაეროს დღე
22 ოქტომბერი 2022
კვირეული სხვადასხვა ღონისძიებასა და აქტივობას მოიცავს.
77 წლის წინ, 1945 წლის 24 ოქტომბერს, ძალაში შევიდა გაეროს ქარტია და ოფიციალურად შეიქმნა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოში როგორც გაერთიანებული ერების დღე.
წელს, გაეროს დღე ასევე არის საქართველოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაწევრიანების 30 წლისთავის აღნიშვნის დღე. 1992 წლის 31 ივლისს საქართველო გაეროს ოჯახის წევრი გახდა.
გაეროს დღისა და გაერო-საქართველოს 30 წლიანი პარტნიორობის აღსანიშნავად, დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:
გაეროს დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი და მიღება
24 ოქტომბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის ეროვნულ თეატრში საზეიმო კონცერტი და მიღება გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას ღებულობენ საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ახალი თაობის გამორჩეულ მუსიკოსი ცოტნე ზედგინიძე, საერთაშორისო აღიარების ქართველი ალტისტი გიორგი ცაგარელი, თბილისის ქალთა გუნდი ომარ ბურდულის ხელმძღვანელობით და სამების საკათედრო ტაძრის გუნდი, სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით. პროგრამა ასევე მოიცავს ფოტოგამოფენას სახელწოდებით "გაერო სურათებში: პარტნიორობის 30 წელი". ნაჩვენები იქნება მოკლემეტრაჟიანი ფილმი საქართველოს და გაეროს 30 წლიანი პარტნიორობის შესახებ.
გაეროს ლოგოს პროექცია
24 ოქტომბერს გაეროს ლოგო გამოსახული იქნება თბილისის ცნობილ „ანდერვილზე“.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მდგრადი განვითარების მიზნების ლაბორატორიის გახსნა
27 ოქტომბერს, 12:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიხსნება მდგრადი განვითარების მიზნების ლაბორატორია. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს გლობალურ მიზნებთან დაკავშირებით თანამშრომლობისა და ცოდნის გაცვლის კულტურის დანერგვას. ღონისძიებას გაუძღვება ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, გიორგი აბაშიშვილი. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელი და კანცლერი ვახტანგ წივწივაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია და გაეროს მუდმივი კოორდინატორი დოქტორი საბინე მახლი. დოქტორი ნამსუკ კიმი, გაეროს DESA EAPD-ის ეკონომიკურ საქმეთა ოფიცერი, წინასწარ ჩაწერილი ვიდეომიმართვით გამოვა.
ფოტოგამოფენა
საქართველოს გაეროში გაწევრიანების 30 წლისთავის აღსანიშნავად, ვაკის პარკის მახლობლად მოეწყობა ფოტოგამოფენა სახელწოდებით „გაერო სურათებში“. საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 30-წლიანი პარტნიორობისადმი მიძღვნილ რეტროსპექტულ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფოტოები გაეროსა და გაეროს სააგენტოების ფოტობიბლიოთეკიდან.
თელავის ისტორიულ მუზეუმში მდგრადი განვითარების მიზნების სივრცის გახსნა
31 ოქტომბერს, 15:00 საათზე, თელავის ისტორიულ მუზეუმში მდგრადი განვითარების მიზნების სივრცე გაიხსნება, რომლის მიზანია მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა გლობალური მიზნების შესახებ. ღონისძიების პროგრამა მოიცავს: გახსნის ცერემონიას; შეჯიბრებსა და თამაშებს ახალგაზრდებისთვის; ახალგაზრდების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა და სხვ. პროგრამის ფარგლებში ასევე გაიმართება ქართველი პოეტის, დრამატურგისა და მწერლის ალექსანდრე ლორთქიფანიძის საჯარო ლექცია.