პრეს-რელიზი

გაეროს დღე საქართველოში

25 ოქტომბერი 2022

გუშინ  რუსთაველის ეროვნულ თეატრში გაეროს 77-ე წლისთავის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

77 წლის წინ, 1945 წლის 24 ოქტომბერს, ძალაში შევიდა გაეროს ქარტია და  ოფიციალურად შეიქმნა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოში როგორც გაერთიანებული ერების დღე.

წელს, გაეროს დღე ასევე არის საქართველოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაწევრიანების 30 წლისთავის აღნიშვნის დღე. 1992 წლის 31 ივლისს საქართველო გაეროს ოჯახის წევრი გახდა.

საზეიმო ღონისძიებას საქართველოს მთავრობის სახელით სიტყვით მიმართა საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა,  ქალბატონმა თეა ახვლედიანმა.

თავის გამოსვლაში ქალბატონმა თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა გაეროს განსაკუთრებულ წვლილს ქვეყნის პრიორიტეტების რეალიზებაში.

,,გაეროს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ჩვენი ეროვნული პრიორიტეტების რეალიზებაში, მათ შორის, დემოკრატიული განვითარების, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განმტკიცების, ღია მმართველობის, საჯარო სერვისების, ეკონომიკური გაძლიერების, გენდერული თანასწორობის, ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების თუ სხვა შესაბამისი მიმართულებებით. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, უაღრესად მნიშვნელოვანია გაეროს როლი და მხარდაჭერა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თანადგომის პროცესში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ გაერო-ს მხარდამჭერი მტკიცე პოზიციისთვის“.

ქალბატონმა თეა ახვლედიანმა  ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ერთგულება გაეროსა და მისი პრინციპებისადმი.

,,საქართველოს მთავრობის სახელით, მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო გაეროს ფუძემდებლური პრინციპებისადმი საქართველოს ერთგულება და შემდგომი მტკიცე მზაობა, რათა კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა ჩვენი ერთიანი ფასეულობების დასაცავად, საქართველოში და გლობალურად მშვიდობის განმტკიცებისთვის, ისევე როგორც -  შემდგომი რეფორმების გზით, ევროპულ ოჯახში ჩვენი ადგილის ერთმნიშვნელოვნად დამკვიდრებისთვის“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში ქალბატონმა საბინე მახლმა თავის მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა, რომ გარე და შიდა არასტაბილურობის მიუხედავად, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში საქართველომ მოახერხა სახელმწიფოებრიობის კონსოლიდაცია და ღარიბი პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან სტაბილურ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყნად გარდაქმნა.

,,მჯერა, რომ გაეროსა და ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორების ნაყოფიერი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ამ მშვენიერი ქვეყნისა და მისი ხალხის იმედებისა და სურვილების რეალიზებას, და რომ ყოველდღიური ძალისხმევით შევძლებთ ცვლილებების განხორციელებას. ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ მუშაობას საქართველოს კეთილდღეობის და უკეთესი მომავლისთვის”, - განაცხადა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა სააქართველოში.

 

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ელჩმა, დავით ესათიამ მოუწოდა ახალგაზრდებს გაერთიანებისკენ, რადგან ,,ჩვენ ერთად, გაერთიანებულად შეგვიძლია უკეთესი მომავლის შექმნა“.

საიუბილეო კონცერტი გახსნეს  თითქმის ასწლოვანი ისტორიის მქონე საქართველოს ეროვნულ სიმფონიურმა ორკესტრმა და მაესტრო ნიკოლოზ რაჭველმა და ახალი თაობის გამორჩეულმა მუსიკოსმა, 12 წლის ცოტნე ზედგინიძემ. ცოტნე ზედგინიძემ მის მიერ შექმნილ  ნაწარმოები „ფანტაზიას ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის“ შეასრულა, რომლის  მსოფლიო პრემიერა 2022 წლის ივლისში გაიმართა გერმანიაში. საერთაშორისო აღიარების ქართველმა ალტისტმა, გიორგი ცაგარელმა, თბილისის ქალთა გუნდმა ომარ ბურდულის ხელმძღვანელობით, წმინდა სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდმა სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით  ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის უკვდავი ნაწარმოები „სტიქსს“ შეასრულეს, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის და  მსოფლიოს საუკეთესო დარბაზებში სრულდება.

ღონისძიებაზე გაიმართა საქართველოს და გაეროს 30 წლიანი პარტნიორობის შესახებ შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება და ფოტოგამოფენა სახელწოდებით "გაერო სურათებში: პარტნიორობის 30 წელი".

იხილეთ ღონისძიების ამსახველი ვიდეო

 

 

Ketevan Ghioshvili

ქეთი გიოშვილი

RCO
კომუნიკაციის სპეციალისტი

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

UN
United Nations

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით