პრეს-რელიზი

გაეროს დღე 2023: ერთობლივი ძალისხმევა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად

26 ოქტომბერი 2023

წელს საქართველოში გაეროს დღის  მთავარი თემა „მდგრადი განვითარების მიზნები“ იყო - გლობალური მოწოდება სიღარიბის აღმოსაფხვრელად,  გარემოს და კლიმატის დასაცავად, ადამიანებისთვის მშვიდობის და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. 

გაეროს დღემ ხაზი გაუსვა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში.

Photo: © Vladimer Valishvili/UN Georgia

სპეციალურ პანელურ დისკუსიაზე, რომლის სათაურიც იყო „ეკონომიკური ზრდიდან საყოველთაო კეთილდღეობამდე: მდგრადი განვითარების მიზნების სამიტის შემდგომი ვითარების შეფასება და მომავლის ხედვა“, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნის და დეცენტრალიზაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესის, ასევე, მდგრადი განვითარების მიზნებზე ორიენტირებული სტრატეგიების განხილვას. 

Photo: © Vladimer Valishvili/UN Georgia

პანელურ დისკუსიაში მთავრობის წარმომადგენლებმა, ანალიტიკურმა ცენტრებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, აკადემიურმა წრეებმა, კერძო სექტორმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ ერთად განიხილეს, თუ როგორი მასშტაბით უნდა განახლდეს ეკონომიკური მოდელები და პოლიტიკის პროცესები მდგრადი განვითარების მიზნების დაჩქარებულად მიღწევისთვის, რათა საქართველოს ეკონომიკური ზრდა მაკროეკონომიკურ დონეზე საერთო კეთილდღეობაში გარდაისახოს. დიალოგი კიდევ უფრო გაამდიდრა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების  მონაწილეობამ, რომლებმაც ერთმანეთს თავიანთი პერსპექტივები გაუზიარეს.

მოხსენებით გამოსვლისას, საბინე მახლმა, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდა თავისთავად არ არის საბოლოო მიზანი, არამედ ეს ერთ-ერთი საშუალებაა ადამიანების ცხოვრების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებისთვის, რაშიც შედის სიღარიბის შემცირება და განვითარების სხვა მიზნების მიღწევა. მან ხაზი გაუსვა, თუ რამდენად აუცილებელია მყისიერი მოქმედება და თანამშრომლობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.

Photo: © Vladimer Valishvili/UN Georgia

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით კიდევ ერთი პანელური დისკუსია გაიმართა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტსა და კანტის აკადემიასთან პარტნიორობით, რომლის თემაც მდგრადი განვითარების მე-4 მიზანი - ხარისხიანი განათლება იყო. გაეროს მუდმივი კოორდინატორი საბინე მახლი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგილი და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის და საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები განიხილავდნენ, თუ როგორია ამჟამინდელი მდგომარეობა მდგრადი განვითარების მე-4 მიზნის მიღწევის გზაზე. დისკუსიის მონაწილეებმა ერთმანეთს თავიანთი ცოდნა და შეხედულებები გაუზიარეს და შესთავაზეს გზები მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის დასაჩქარებლად. დისკუსიაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ კიდევ ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის უფრო ძლიერი თანამშრომლობისა და ჩართულობის გზით.

Photo: © Vladimer Valishvili/UN Georgia

ახალგაზრდების როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში - სწორედ ეს  გახდა გაეროს მუდმივი კოორდინატორის, საბინე მახლის და ახალგაზრდული ორგანიზაციის „სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის“ წევრებს შორის გამართული დისკუსიის მთავარი თემა, რომელიც თბილისში, გაეროს სახლში გაიმართა.

Photo: © Vladimer Valishvili/UN Georgia

გაეროს დღის აღსანიშნავად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოს ოფისმა ასევე „მდგრადი განვითარების მიზნების“ მრავალფუნქციური სივრცეები გახსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში. განათლების და საერთაშორისო განვითარების აკადემიასა და კანტის აკადემიასთან პარტნიორობით განხორციელებული ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდების გაძლიერებას უნარებით და შესაძლებლობებით, რათა უფრო მკაფიოდ შეიმუშაონ თავიანთი ხედვა მდგრადი მომავლის შესახებ.

 

,,ჩვენ გაეროში მოხარული ვართ, რომ დავეხმარეთ ქვეყანას სიღარიბისა და უთანასწორობის შემცირებაში. ჩვენი ძალისხმევა მიმართულია კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისკენ და სამართლიანობის განმტკიცებისკენ. ჩვენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარებას ვუწევთ ყველაზე მოწყვლად და დაუცველ ჯგუფებს. მდგრადი განვითარების მიზნების სამიტმა, რომელიც 2023 წლის სექტემბერში ჩატარდა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ ერთიანნი ვართ არავინ დარჩეს მხარდაჭერის მიღმა, თუნდაც მძიმე ვითარებაში. გაეროს ამ დღეს, მოდით, განვაახლოთ ჩვენი ვალდებულება ავაშენოთ დემოკრატიული, ინკლუზიური და აყვავებული ქვეყანა ისე, რომ არავინ დარჩეს განვითარების პროცესებს მიღმა. მხოლოდ ერთად შეგვიძლია ვიბრძოლოთ მშვიდობისთვის, რათა გადავარჩინოთ ჩვენი გლობალური მიზნები ადამიანებისა და პლანეტისთვის,"- განაცხადა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლმა გაეროს დღისადმი მიძღვნილ ვიდეო მიმართვაში.

Ketevan Ghioshvili

ქეთი გიოშვილი

RCO
კომუნიკაციის სპეციალისტი

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

RCO
United Nations Resident Coordinator Office

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით