გიორგი (გია) ნიქაბაძის ხსოვნას
06 ივნისი 2024
2024 წლის 6 ივნისი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი ღრმა მწუხარებით იუწყება რომ 2024 წლის 6 ივნისს გარდაიცვალა ბატონი გიორგი (გია) ნიქაბაძე.
ბატონი გია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისს 1998 წელს შეუერთდა მძღოლის პოზიციაზე და ჯანმოს ოჯახის შეუცვლელი, განუყოფელი წევრი გახდა. მისი პროფესიონალიზმის, თბილი და პოზიტიური დამოკიდებულების გამო ყველა კოლეგასა თუ პარტნიორის სიყვარულს და პატივისცემას იმსახურებდა.
2022 წელს ბატონმა გიამ ჯანმოს რეგიონული დირექტორისგან საუკეთესო თანამშრომლის ჯილდო მიიღო. გარდა ამისა, თანამშრომლებმა არაერთხელ, ერთხმად აღიარეს, როგორც გუნდის ყველაზე მამაცი ადამიანი, რადგან ყველას აძლევდა მაგალითს, როგორ უნდა გავუმკლავდეთ გამოწვევებს ღირსეულად.
ბატონი გია იყო ერთგული მეუღლე, მოსიყვარულე მამა და ორი შვილიშვილის ბაბუა. როგორც ყოფილი ფიზიკოსი, იგი რამდენიმე გამოგონების ავტორია. გარდა ამისა, მწვადის შეწვაც უგემრიელესად გამოსდიოდა.
ბატონი გია ყოველთვის მზად იყო დახმარებისთვის, თანაგრძნობით და სიკეთით ეპყრობოდა გარშემომყოფებს, ყველაზე რთულ დროსაც კი.
ეს გამორჩეული ადამიანი მთელს გუნდს ძალიან დააკლდება.