გენერალური მდივანი საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორად ფრანგ დიდიე ტღებიუკს ნიშნავს
18 ივნისი 2024
2024 წლის 18 ივნისი
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა, საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივ კოორდინატორად დანიშნა ფრანგი დიდიე ტღებიუკი, რომელიც მასპინძელი ქვეყნის მთავრობის თანხმობით, მოვალეობას 17 ივნისიდან შეასრულებს.
დიდიე ტღებიუკს გაეროსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მდგრადი განვითარების, კლიმატის ცვლილების, სოციალური საკითხების, მშვიდობისა და განვითარების, კრიზისების პრევენციისა და ჰუმანიტარულ სფეროებში მუშაობის 24-წლიანი გამოცდილება აქვს. ბოლო დროს მუშაობდა გაეროს მუდმივ კოორდინატორად ბარბადოსსა და აღმოსავლეთ კარიბის ქვეყნებში, სადაც გაეროს 20-ზე მეტი სააგენტოს, ფონდისა და პროგრამისგან შემდგარ ქვერეგიონულ გუნდს ხელმძღვანელობდა 10 ქვეყანასა და ტერიტორიაზე.
ბატონი დიდიე ტღებიუკი ადრე გახლდათ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ბრაზილიაში, ხოლო პერუსა და გაიანაში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე. აგრეთვე, მუშაობდა ინდოეთში გაეროს განვითარების პროგრამის კრიზისის პრევენციისა და აღდგენის ჯგუფის ხელმძღვანელად.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მუშაობის დაწყებამდე ბ-ნი ტღებიუკი საფრანგეთის წითელი ჯვრის დელეგაციას ხელმძღვანელობდა კოლუმბიასა და ეკვადორში. ის ასევე მუშაობდა ორგანიზაციაში „ექიმები საზღვრების გარეშე“ (Médecins Sans Frontières) ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში, მანამდე კი - საფრანგეთში, კერძო სექტორში.
ბატონმა ტღებიუკმა დაამთავრა ლონდონის იმპერიული კოლეჯი (დიდი ბრიტანეთი) და ფლობს მეცნიერების მაგისტრის ხარისხს მდგრადი განვითარების მიმართულებით, სპეციალობით – გარემოსდაცვითი ეკონომიკა. მას ასევე მოპოვებული აქვს ბიზნესადმინისტრირების და მართვის მაგისტრის ხარისხი საფრანგეთის მართვის ინსტიტუტიდან (Institut Français de Gestion), საფრანგეთი.