პრეს-რელიზი

მდგრადი განვითარების მიზნების ანგარიში 2024

08 ივლისი 2024

მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას სულ რაღაც 6 წელი გვაშორებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გლობალური პროგრესი საგანგაშოდ არასაკმარისია. გაეროს ახალი ანგარიშის თანახმად, ამჟამად მხოლოდ 17 პროცენტის განხორციელება ხდება სამიზნე მაჩვენებლამდე.

მდგრადი განვითარების მიზნების 2024 წლის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 17 მიზნის თითქმის ნახევარი მინიმალურ ან ზომიერ პროგრესს განიცდის, ხოლო ერთი მესამედის შესრულების თვალსაზრისით სტაგნაცია შეინიშნება ან მდგომარეობა გაუარესებულია მას შემდეგ, რაც 2015 წელს გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა აღნიშნული მიზნები დაამტკიცეს ადამიანებისა და პლანეტისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

„წინამდებარე ანგარიში ცნობილია, როგორც მდგრადი განვითარების მიზნების ყოველწლიური ანგარიშის ბარათი და მასში ნაჩვენებია, თუ როგორ იღებს მსოფლიო წარუმატებლობის შეფასებას“, აღნიშნა გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა პრეს-კოფერენციაზე. „მთავარი გზავნილი მარტივია - ჩვენი მარცხი მშვიდობის უზრუნველყოფის, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლისა და საერთაშორისო დაფინანსების გაზრდის საკითხებში, ძირს უთხრის განვითარებას. უნდა დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად საჭირო ქმედებები და ამისთვის ერთი წუთიც კი არ უნდა დავკარგოთ“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

ანგარიშში პროგრესის მიღწევის მთავარ დამაბრკოლებელ მიზეზებად მოხსენიებულია კოვიდ-19 პანდემიის  ზეგავლენა, კონფლიქტების გამწვავება, გეოპოლოტიკური დაძაბულობები და კლიმატის გაუარესება.

გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2022 წელს, 2019 წელთან შედარებით, 23 მილიონი ადამიანით მეტი აღმოჩნდა უკიდურეს სიღარიბეში და 100 მილიონით მეტი შიმშილობს, ხოლო შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რიცხვი გასულ წელს საგანგაშოდ გაიზარდა.

2023 წელი რეკორდულად ყველაზე თბილი წელი იყო და გლობალურმა ტემპერატურამ კრიტიკულ ზღვარს 1.5°C-იან ნიშნულს მიაღწია.

მდგრადი განვითარების მიზნების ანგარიში ხაზს უსვამს მწვავე ეკონომიკურ გამოწვევებს: მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ერთ სულ მოსახლეზე ზრდის ტემპები მსოფლიოს ყველაზე მოწყვლადი ქვეყნების ნახევარში უფრო დაბალია, ვიდრე ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში. 2022 წელს ქვეყნების თითქმის 60 პროცენტი სურსათის ფასების არანორმალური ზრდის წინაშე აღმოჩნდა, რის გამოც უფრო გამწვავდა შიმშილობისა და სასურსათო უსაფრთხოების საკითხები. ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს გლობალური უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმამდე, ხუთ პროცენტამდე შემცირდა, ყველა საზოგადოებაში ღირსეული სამუშაოს მისაღწევად მრავალი დაბრკოლება გადაულახავი რჩება.

თუმცა პოზიტიური ცვლილებები დაფიქსირდა განახლებადი ენერგიის სექტორში, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყოვეწლიურად 8.1 პროცენტით გაიზარდა.

ტექნოლოგიური მიღწევების მიმართულებითაც მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიძნება; მაგალითად, მობილურ ფართოზოლოვან ქსელზე (3G ან უფრო მაღალი) წვდომა მსოფლიო მოსახლეობის 95 პროცენტამდე გაიზარდა, 2015 წლის 78 პროცენტთან შედარებით.

ანგარიშის გამოცემა წინ უსწრებს მდგრადი განვითარების მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმზე (HLPF), რომელიც გაეროს შტაბ-ბინაში, ნიუ-იორკში გაიმართება 8-17 ივლისს.

ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) ეგიდით, ფორუმის ფარგლებში განხილული იქნება გლობალური პროგრესი შემდეგ მიზნებთან დაკავშირებით: მიზანი 1 - არა სიღარიბეს, მიზანი 2 - არა შიმშილს, მიზანი 13 - კლიმატის ცვლილების შედეგების დაძლევა, მიზანი 16 - მშვიდობა, სამართლიანობა, ძლიერი ინსტიტუტები და მიზანი 17 - გლობალური თანამშრომლობა.

გარდა ამისა, მომავლის სამიტი, რომელიც სექტემბერში გაიმართება, გადამწყვეტ როლს შეასრულებს მიზნების მისაღწევად მიმართული ძალისხმევის გადახედვის კუთხით. სამიტის მიზანია სავალო კრიზისის მოგვარება, რომელიც გავლენას ახდენს ბევრ განვითარებად ქვეყანაზე და საერთაშორისო ფინანსური არქიტექტურის რეფორმის გადაუდებელ საჭიროებაზე.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://unstats.un.org/sdgs/report/2024/

წყარო: UN News

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

UN
United Nations

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით