ლიდერებმა უნდა განაახლონ გლობალური თანამშრომლობა დღევანდელი და ხვალინდელი დღისთვის
10 სექტემბერი 2024
გენერალური მდივანის სტატია მომავლის სამიტთან დაკავშირებით
საბოლოო მოლაპარაკებები წარმოებს მიმდინარე თვის მომავლის სამიტთან დაკავშირებით, რომელიც ნიუ-იორკში ჩატარდება, სადაც სახელმწიფოს მეთაურები შეთანხმდებიან გლობალური თანამშრომლობის რეფორმებზე.
ამ ყველაფერს ირგვლივ ყველგან ვხედავთ. სასტიკიკონფლიქტებისა და ძალადობის გამო ადამიანები საშინლად იტანჯებიან; გეოპოლიტიკური დაყოფა ჩვეულებრივი რამ გახდა; უთანასწორობა და უსამართლობა ყველგანაა გავრცელებული, რაც ძირს უთხრის ნდობას, იწვევს უკმაყოფილებას და ასაზრდოებს პოპულიზმსა და ექსტრემიზმს. სიღარიბის, შიმშილის, დისკრიმინაციის, ქალთმოძულეობისა და რასიზმის საუკუნოვანი გამოწვევები ახალფორმებს იძენს.
იმავდროულად, ვაწყდებით ახალ და ეგზისტენციალურ საფრთხეებს, დაწყებული კლიმატის ქაოსიდან და გარემოს დეგრადაციიდან, დამთავრებული ტექნოლოგიებით, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ეთიკურ და სამართლებრივ ვაკუუმში ვითარდება.
მომავლის სამიტი აღიარებს, რომ ყველა ამ გამოწვევის გადაწყვეტა ჩვენს ხელთაა. მაგრამ გვჭირდება სისტემების განახლება, რომელთა მიწოდებაც მხოლოდ მსოფლიოს ლიდერებს შეუძლიათ.
საერთაშორისო გადაწყვეტილების მიღება დაგვიანებით ხდება. ბევრი გლობალური ინსტიტუტიდა ინსტრუმენტი 1940-იანიწლების პროდუქტს წარმოადგენს – გლობალიზაციამდე, დეკოლონიზაციამდე, ადამიანის საყოველთაო უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საყოველთაოდ აღიარებამდე არსებული ეპოქის პროდუქტს, ვიდრე ადამიანი კოსმოსში გაემგზავრებოდა – აღარაფერს ვამბობთ კიბერსივრცეზე.
მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებულ მხარეებს კვლავ აქვთ უპირატესობა გაეროს უშიშროების საბჭოში, მაშინ როცა აფრიკის კონტინენტის არცერთ ქვეყანას არ აქვს მუდმივი ადგილი საბჭოში. გლობალური ფინანსური არქიტექტურა ბევრად გადაწონის განვითარებად ქვეყნებს და ვერ უზრუნველყოფს მათთვის უსაფრთხოების ბადეს, როდესაც ისინი სირთულეებს აწყდებიან და ვალებში იხრჩობიან, რის გამოც ვეღარ ხდება ხალხის სასარგებლოდ ინვესტირება.
გლობალური ინსტიტუტები კი დღევანდელი მსოფლიოს ბევრ ძირითად აქტორს შეზღუდულ სივრცეს სთავაზობენ – იქნება ეს სამოქალაქო საზოგადოება თუ კერძო სექტორი. ახალგაზრდები, რომლებიც მომავალს დაიმკვიდრებენ, თითქმის არ ჩანან, ხოლო მომავალი თაობის ინტერესები სათანადოდ არ არის წარმოჩენილი.
გზავნილი ნათელია: ჩვენ არ შეგვიძლია შევქმნათ ჩვენი შვილიშვილებისთვის შესაფერისი მომავალი ისეთი სისტემით, რომელიც ერთ დროს ჩვენი პაპა-ბებიებისთვის შეიქმნა. მომავლის სამიტი იქნება 21-ე საუკუნისთვის შესაფერისი მრავალმხრივი თანამშრომლობის განახლების შესაძლებლობა.
ჩვენ მიერ შემოთავაზებული გადაწყვეტები მოიცავს ახალ დღის წესრიგს მშვიდობისთვის, რომელზეც ფოკუსირებულია საერთაშორისო ინსტიტუტები გაეროს უშიშროების საბჭოს ჩათვლით, და ინსტრუმენტების განახლებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული და დასრულდეს კონფლიქტები. მშვიდობის ახალიდღის წესრიგი ითვალისწინებს ახლებურ სტიმულს, რათა მსოფლიო გავათავისუფლოთ ბირთვული იარაღისა და მასობრივი განადგურების სხვა იარაღისგან; აგრეთვე ითვალისწინებს უსაფრთხოების უფრო ფართო განმარტებას, რათა მოიცავდეს გენდერული ნიშნით ძალადობასა და დაჯგუფების მიერ განხორციელებულ ძალადობას. მხედველობაში იღებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სამომავლო საფრთხეებს, აღიარებს ომის ცვალებად ბუნებას და ახალი ტექნოლოგიებით შეიარაღების რისკებს. მაგალითად, ჩვენ გვჭირდება გლობალური შეთანხმება ეგრეთწოდებული ავტონომიური ლეტალური იარაღის უკანონოდ გამოცხადების შესახებ, რომელსაც ადამიანის ჩართულობის გარეშე შეუძლია სიკვდილ-სიცოცხლესთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება.
გლობალური ფინანსური ინსტიტუტები უნდა ერგებოდნენ თანამედროვე მსოფლიოს და მზად იყვნენ, რომ უკეთ გაართვან თავი დღევანდელ გამოწვევებს – ვალს, მდგრად განვითარებას, კლიმატის ცვლილების შედეგებს. ეს ნიშნავს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ვალით გამოწვეული კრიზისის მოსაგვარებლად, მრავალმხრივი განვითარების ბანკების საკრედიტო პოტენციალის გაზრდასა დამათი ბიზნეს მოდელის შეცვლას ისე, რომ განვითარებად ქვეყნებს გაცილებით მეტი წვდომა ჰქონდეთ კერძო დაფინანსებაზე ხელმისაწვდომი განაკვეთებით.
ამ ფინანსების გარეშე განვითარებადი ქვეყნები ვერ შეძლებენ, რომ გაუმკლავდნენ ჩვენს უდიდეს მომავალ საფრთხეს: კლიმატის ცვლილების კრიზისს. მათ დაუყოვნებლივ სჭირდებათ რესურსები პლანეტების გამანადგურებელი წიაღისეული საწვავის გამოყენებიდან სუფთა, განახლებად ენერგიაზე გადასასვლელად.
და როგორც ლიდერებმა გასულ წელს ხაზგასმით აღნიშნეს, გლობალური ფინანსური არქიტექტურის რეფორმა ასევე უმთავრესია მდგრადი განვითარების მიზნებისთვის პროგრესის დასაწყებად, რომელიც განსაკუთრებით საჭიროა.
სამიტის ფარგლებში ასევე ყურადღება გამახვილდება ახალ ტექნოლოგიებზე, რომელთაც გლობალური გავლენა აქვთ, გზების ძიებაზე ციფრული ნაპრალის ამოსავსებად და ყველასთვის ღია, თავისუფალი და უსაფრთხო ციფრული მომავლის საერთო პრინციპების ჩამოყალიბებაზე.
ხელოვნური ინტელექტი (AI) არის რევოლუციური ტექნოლოგია თავისი შესაძლებლობებითა და რისკებით, რომელთა გარკვევას მხოლოდ ახლა ვიწყებთ. ტექნოლოგიურ კომპანიებთან, აკადემიურ წრეებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ჩვენ წარმოვადგინეთ კონკრეტული წინადადებები მთავრობებისთვის AI-ის რისკის მართვის ჩარჩოებზე მუშაობაზე, აგრეთვე მონიტორინგსა და მისი ზიანის შერბილებაზე, ისევე როგორც სარგებლობის გაზიარებაზე. ხელოვნური ინტელექტის მართვა არ შეიძლება, რომ მდიდრებისთვის იყოს დატოვებული; ეს ყველა ქვეყნის ჩართულობას საჭიროებს და გაერო მზადაა, ხალხის გაერთიანებისთვის შექმნას პლატფორმა.
ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა არის საერთო თემა, რომელიც ყველა ამ წინადადებას ერთმანეთთან აკავშირებს. გლობალური გადაწყვეტების შემუშავების რეფორმა შეუძლებელია ადამიანის უფლებების დაცვისა და კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემის გარეშე, რაც უზრუნველყოფს ქალთა და გოგონათა სრულ ჩართულობასა და ლიდერობას. ჩვენ ვითხოვთ ძალისხმევის განახლებას იმ ისტორიული – სამართლებრივი, სოციალური და ეკონომიკური – ბარიერების მოსახსნელად, რომლებიც ხელისუფლებაში ქალთა ჩართულობას გამორიცხავს.
1940-იანი წლების მშვიდობის მშენებლებმა დააფუძნეს ინსტიტუტები, რომლებმაც ხელი შეუწყეს მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილებას და მრავალი ქვეყანა კოლონიზაციიდან დამოუკიდებლობამდე მიიყვანეს. თუმცა, მათ ვერ წარმოედგინათ დღევანდელი გლობალური მდგომარეობა.
მომავლის სამიტი არის შანსი, შევქმნათ უფრო ეფექტიანი და ინკლუზიური ინსტიტუტები და ინსტრუმენტები გლობალური თანამშრომლობისთვის, რომელიც მორგებული იქნება 21-ე საუკუნეს და ჩვენს მულტიპოლარულ მსოფლიოს.
მოვუწოდებ ლიდერებს, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა!