პრეს-რელიზი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის საახალწლო ვიდეომიმართვა

30 დეკემბერი 2024

2025 წლის ვიდეომიმართვა 

2024 წლის განმავლობაში, იმედის პოვნა რთული აღმოჩნდა. 

ომების გამო ადამიანები უზარმაზარ ტკივილს თუ ტანჯვას განიცდიან და იძულებით გადაადგილება უწევთ.

ყველგან უთანასწორობა და განხეთქილება მძვინვარებს — რაც დაძაბულობას და უნდობლობას აღვივებს. 

და დღეს მე უკვე ოფიციალურად შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ ბოლო ათი წლის განმავლობაში მომაკვდინებლად ცხელ ამინდს გავუძელით. 

ისტორიაში 10 ყველაზე ცხელი წელი სწორედ ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში დაფიქსირდა, 2024 წლის ჩათვლით. 

ეს არის კლიმატის რღვევა - თანაც, რეალურ დროში.

ჩვენ ამ გამანადგურებელი გზიდან უნდა გადავუხვიოთ — და აქ დროის დაკარგვა უკვე აღარ შეიძლება.

2025 წელს, ქვეყნებმა მსოფლიოს კურსი უფრო უსაფრთხო გზისკენ უნდა მიმართონ, ემისიების მკვეთრად შემცირებით და განახლებად რესურსებზე გადასვლის ხელშეწყობით.

ეს აუცილებელია — და ეს შესაძლებელია. 

მე მინახავს, თუ როგორ ასაზრდოებს იმედი ცვლილებას, ყველაზე მძიმე დღეებშიც კი.

მე ვხედავ იმედს აქტივისტებში — ახალგაზრდებსა და ხანდაზმულებს შორის — რომლებიც ხმას იმაღლებენ პროგრესისთვის. 

მე ვხედავ იმედს ჰუმანიტარულ მისიებში ჩართულ გმირებს შორის, რომლებიც უზარმაზარ დაბრკოლებებს უმკლავდებიან ყველაზე მოწყვლადი ადამიანების დასახმარებლად. 

მე ვხედავ იმედს განვითარებად ქვეყნებში, რომლებიც ფინანსური და კლიმატური მართლმსაჯულებისთვის იბრძვიან. 

მე ვხედავ იმედს მეცნიერებსა და ინოვატორებში, რომლებიც კაცობრიობას ახალ გზებს უკვალავენ. 

და მე დავინახე იმედი სექტემბერში, როდესაც მსოფლიო ლიდერები „მომავლის პაქტის“ მისაღებად შეიკრიბნენ. 

„მომავლის პაქტი“ ახალი მუხტია მშვიდობის დასამყარებლად, განიარაღების და პრევენციის გზით.

გლობალური ფინანსური სისტემის რეფორმირებისთვის,  ყველა ქვეყნის მხარდაჭერისა და მათი წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად. 

უფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად ქალებისა და ახალგაზრდებისთვის.  

დამცავი მექანიზმების ასამოქმედებლად, რათა ტექნოლოგიებმა თავიანთი მოგების მიღებაზე მეტად პრიორიტეტი ადამიანებს მიანიჭონ, ხოლო ადამიანის უფლებები უმართავ ალგორითმებზე მაღლა დააყენონ. 

რათა ყოველთვის იქნას დაცული ის ფასეულობები და პრინციპები, რაც ადამიანის უფლებებით, საერთაშორისო სამართლით და გაერთიანებული ორგანიზაციის წესდებით არის გათვალისწინებული.

გარანტირებულად ვერ ვიტყვით, თუ რა გველის 2025 წელს. 

მაგრამ პირობას ვდებ, რომ ყველა იმ ადამიანის გვერდით ვიდგები, ვინც ძალისხმევას არ იშურებს ყველასათვის უფრო მშვიდობიანი, თანასწორი, სტაბილური და ჯანსაღი მომავლის ასაშენებლად.

ერთად დგომით შეგვიძლია, რომ 2025 წელს სათავე დავუდოთ სიახლეებს. 

არა როგორც დაყოფილმა მსოფლიომ. 

არამედ როგორც გაერთიანებულმა ერებმა. 

 

 

 

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

UN
United Nations

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით